გამოუძიებელი საქმეების ქრონიკა
დღეისთვის საქართველოში საკმაოდ დიდია იმ გამოუძიებელი საქმეების რაოდენობა, რომელთა მიმართაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესია. უკვე რამდენიმე წელია, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება ისეთი თემები, როგორიცაა, ბარბარე რაფალიანცის, ფარული მოსმენების, ე.წ. “საბურავების” და ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის საქმეები. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არაერთხელ გამოხატა მზაობა აღნიშნული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ისინი მაინც დაუსრულებელ გამოძიებებად რჩება.
2012 წლიდან დღემდე საქართველოში რამდენიმე გახმაურებული დანაშაული მოხდა, რომელთა გამოძიება ამ დრომდე არაა დასრულებული, ან მათი შედეგები მხარეებს მრავალ კითხვის ნიშანს უტოვებს. ამ საქმეების ნაწილი პირად კონტროლზეც კი ჰქონდათ აყვანილი ყოფილ თუ მოქმედ პრემიერებს.
ბარბარე რაფალიანცის საქმე
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებლის გვერდით არსებულ მარანში, ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობას არჩევნებს უკავშირებდა. აღნიშნულ საქმეზე 2012 წლის 30 სექტემბრიდან დღემდე სხვადასხვა განცხადებები კეთდება, თუმცა საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.
ზურაბ ჟვანიას საქმე
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე ძალიან დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა შეთქმულების თეორიის და პოლიტიკური სპეკულაციების საგანს წარმოადგენდა. არსებობს სხვადასხვა ვერსიები და ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და ოფიციალური ვერსია (ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დამდგარი სიკვდილი) შეესაბამება თუ არა სიმართლეს. ეს საქმე განცხადებების სიმრავლით და დროში ახალი გარემოებების გამოკვეთის ინტენსივობით გამოირჩეოდა. დისკურსი ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გააქტიურდა. მეტწილად კი მაშინ, როდესაც 2014 წლის 19 მარტს YouTube-ზე გამოჩნდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრების ფოტოები, რომელიც ვინმე „ჰაკიმ-ფაშას“ სახელით აიტვირთა.აღნიშნულ საკითხზე ყველაზე რადიკალური მოსაზრებები გარდაცვლილი ექსპრემიერის ძმას და კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, გოგლა ჟვანიას გააჩნია. მედიასთან საუბარში მას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ ენდობა ოფიციალურ ვერსიას და მიიჩნევს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივით მოკლეს.მიუხედავად პოლიტიკური მზაობისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესისა, ზურაბ ჟვანიას საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და აქამდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას, ჯერჯერობით, სხვა ოფიციალური ალტერნატივა არ აქვს.
ე.წ. "საბურავების საქმე"
2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime Time-თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა და არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იგეგმება „ზონდერჯგუფების“ ჩამოყალიბება და ეს ჯგუფები შეეცდებიან გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური, რომლის მიზანი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამყარებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა. ამავე წლის სექტემბერში მინისტრმა იგივე საკითხზე ისაუბრა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას კვლავ გეგმავს და მას ამის მტკიცებულებები აქვს.აღსანიშნავია, რომ დღემდე საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ე.წ. "საბურავების საქმის" მსვლელობის დეტალები. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ან საერთოდ გრძელდება თუ არა ის. ისიც ცხადია, რომ ამ დროის განმავლობაში მსგავს ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
ფარული მოსმენების საქმე
ფარული მოსმენების პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას. ქართული საზოგადოება ასევე არაერთხელ დადგა უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტის წინაშე. ძირითადი პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებას წინა ხელისუფლების მიმართ ჰქონდა, სწორედ ფარული ჩანაწერების საკითხს ეხებოდა, თუმცა ჩანაწერების გამოქვეყნება არც 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეწყვეტილა.მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 31 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები განადგურებულია, 2014 წლის 10 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა მაღალჩინოსნის თუ ყოფილი თანამდებობების პირების სატელეფონო საუბრებს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ.2014 წლის 11 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე აღძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელების ფაქტს.
2013 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მეგობრების თუ ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა, ასევე მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის ანგარიშებზე წვდომა. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ მუქარა განხორციელდა არა საპატიმროში, არამედ მის გარეთ და ის საპატიმროდან ღამით, ჩუმად გაიყვანეს. განცხადების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა.გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პარაგრაფ პირველთან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის. ამ დადგენილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი გახდა მისი ციხიდან გაყვანის შემთხვევა. სასამართლომ საეჭვო გარემოებად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ საპატიმრომ არ წარმოადგინა იმ ღამის სათვალთვალო კამერებისჩანაწერები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ხორავას ქუჩის გახმაუებული ტრაგედიის საქმე
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა."იმედის კვირას" კონფიდენციალურმა წყარომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მასალები მიაწოდა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაცია მიღების შესაძლებლობას იძლევა - რა მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, ვის გამო დაიწყო ჩხუბი და ვინ გაანადგურა საქმის მთავარი მტკიცებულებები. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს სახელმწიფოს მხრიდან ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყვა: თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.ასევე სასამართლომ პასუხისგებაში მისცა 4 პირი.მაგრამ მათგან ორმა გირაოს გადახდის შემდგომ დატოვა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი 2 კი პატიმრობაში დარჩა.ტრაგედიიდან ერთ წელზე მეტი გავიდა მაგრამ დღემდე ეს საქმე გამოუძიებელი რჩება და ნამდვილი დამნაშავეებიც ისევ თავისუფლად დაიარებიან.
როგორც წესი,ყველა სტრუქტურა რაღაცას აკეთებს,მაგრამ ფაქტი ერთია ამდენი საქმე ისევ გამოუძიებელი და პასუხგაუცემელი რჩება.